კალათბურთის ე.წ. „ჩაწყობილი თამაშების საქმეზე“ დაკავებულთა ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. თემურ დათიკაშვილისა და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არგუმენტი არ ჰქონდა, როდესაც დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით მსაჯებმა და მწვრთნელებმა სამი მატჩის კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ ჯამში 36 ათასი ლარი აიღეს.
„ორი ბრალდებულის მიმართ, ბრალდების მხარის მოთხოვნით, გირაო იქნა გამოყენებული და საფრთხეები და რისკები არ არსებობს. რატომ უნდა იყოს დათიკაშვილზე და კვარაცხელიაზე გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება, დაპატიმრება, სწორედ ვასაბუთებთ, რომ არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას,“ - განაცხადა ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ.