საპარლამენტო უმრავლესობა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეტალებზე თუ როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია, საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა განსაკუთრებულია ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან ეფექტურად.
„დეტალებს, შინაარსს და გამოძიების შესაძლო კონკრეტულ შედეგებს ბუნებრივია, ჩვენ შევეხებით მოგვიანებით, როდესაც უკვე გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, ფაქტების თაობაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროს. თუმცა, შემიძლია ერთი რამ გითხრათ დღესვე, რომ პრევენციის თვალსაზრისით, მე მართლაც განსაკუთრებულად მიმაჩნია ის, რომ უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მუშაობს ძალიან ეფექტურად,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული.
„სახელმწიფოს უწევს ასეთ ნაბიჯებზე წასვლა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იყვნენ დაცული და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ზიანი არ მიადგეს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან.