18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
„ხელისუფლება გვთავაზობს ძალიან არადამაჯერებელ ვერსიას" - ოპოზიციას პანკისის სპეცოპერაციაზე კითხვები აქვს

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები აქვს. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საკმაოდ არადამაჯერებელი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას ხელისუფლებამ. მისივე თქმით, თუ ამ ჯგუფმა მოახერხა, რომ ჩატაევის დაჯგუფება შემოეყვანა საქართველოში და შემდეგომ თბილისში, მაშინ არსებობს ვარაუდი, რომ მათ ჰყავთ საკმაოდ გავლენიანი მფარველი ხელისუფლებაში.

„ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში დუმდა და დღეს გვთავაზობს ძალიან არადამაჯერებელ ვერსიას, რომ თურმე ორმა, სამმა რიგითმა პანკისელმა მათ შეუწყო ხელი საქართველოში შემოსვლაში, შემდგომ თბილისში ჩამოღწევაში და შეიარაღების მოპოვებაში. ვარაუდი არსებობს და ალბათობა იმისა, რომ ამ ჯგუფს, ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ჰყავდა ძალიან მაღალ რანგში, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენელი ხელისუფლების და შესაბამისად, საზოგადოება ელოდება ამ კითხვებზე პასუხს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ყველა დეტალის გამოძიებას ითხოვს "ევროპული საქართველო“. გიორგი ტუღუშის განცხადებით სახელმწიფო სამსახურებმა უნდა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იქნას გამოძიებული და ასევე ჩვენმა სამსახურებმა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. თორემ ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი საფრთხეები არსებობს. ზოგადად ისიც ვიცით, რომ საქართველოს არა ერთი გამოწვევა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები