18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, რომ ოთარ აბესაძემ სიცოცხლეს მოუსწრაფოს“ - ირმა ჭკადუა

სასამართლოს მიერ, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას ადვოკატები აფასებენ. პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გადასცეს.

უფლებადამცველები იმედოვნებდნენ, რომ სწორედ ეს დასკვნა გახდებოდა საფუძველი, რომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდნენ. 

ადვოკატი ირმა ჭკადუა დღევანდელ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობდა. აღკვეთი ღონისძიება სასამართლომ არ შეუცვალა, იმიტომ რომ თურმე საშიში პიროვნება გახლავთ ოთარ აბესაძე და შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი რეალურად არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, რომ ოთარ აბესაძემ სიცოცხლეს მოუსწრაფოს,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ოთარ აბესაძის ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, საკმაოდ მძიმეა.

„ეს არის საკმაოდ მძიმე დასკვნა, რომელიც ასახავს აბესაძის დღევანდელ მდგომარეობას და არის ძალიან მძიმე. ჩვენ გვქონდა იმედი და მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და დღეს აღკვეთი ღონისძიების სახეს შეუცვლიდა... მიგვაჩნია, რომ თუ რაიმე ცუდი შედეგი დადგა დღევანდელი გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთლიან იმ სისტემას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოთარ აბესაძე,“ - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

პროკურორის ირაკლი მარშანიას თქმით, დასკვნაში არ იყო ისეთი გარემოება მითითებული, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. სწორედ აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

დღევანდლ პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

დღის ამბები