18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
"პანკისის ხეობა არის განტევების ვაცი ძალოვანი სტრუქტურების. რაიმე მოხდება, აუცილებლად აქ უნდა მოვარდნენ" - უხუცესთა საბჭოს წევრი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სპეციალისტებმა ისინი დაკითხეს და ამ წუთებში შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ, სადაც უშუალოდ მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა.

19 წლის ახალგაზრდის ბებია, მომხდარის დეტალებს იხსენებს. ელენე მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 19 წლის ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა, რომლის გახსნასაც აპირებდა სამართალდამცავების მიმართულებით, კატეგორიულად უარყოფს.

„ჰკითხეთ მთელ სოფელს. საერთოდ ის ყუმბარა და იარაღი ჩემ ოჯახში არ ყოფილა. 19 წლის ბავშვია, რა იარაღი, რა ყუმბარა. თუ დამნაშავე იყო, პოლიცია აქ იყო, მოსულიყვნენ და მამამისი ჩაიყვანდა და აუხსნიდა ყველაფერს. თუ დამნაშავე იყო ციხეში დარჩებოდა, თუ დამნაშავე არ იყო დაბრუნდებოდა სახლში. ასე პირდაპირ მისვლა და სროლა შეიძლება?“ - ამბობს ელენე მაჩალიკაშვილი.

განცხადება გააკეთა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პანკისის ხეობა, სამართალდამცველების „განტევების“ ვაცია. მისი თქმით, ხელისუფლებამ, 21 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია ბოლომდე ვერ გამოიძია და სწორედ ამ მიზნით მოხდა დღევანდელი შემთხვევა პანკისში.

„პანკისის ხეობა მე მაშინ რომ გითხარით, ხომ გახსოვთ? ეს არის განტევების ვაცი ამ ძალოვანი სტრუქტურების. რაიმე მოხდება, აუცილებლად აქ უნდა მოვარდნენ და აქედან უნდა ააქოთონ ყველაფერი. ეს ერთი. მეორეც, ხელოსანი დოქს ყურს მოუბავს საითაც უნდა,“ - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

დღის ამბები