სახალხო დამცველის აპარატი რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებზე მუშაობას განაგრძობს - ეს განცხადება ომბუდსმენმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნინო ლომჯარიას თქმით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ საქმეზე არა ერთი კითხვა არსებობს და დაკვირვება გამოძიების პროცესზე მომავალშიც გაგრძელდება.
„ყველა ის საქმე, რაზეც აპარატში მიმდინარეობდა მუშაობა, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმეები, რაზეც მედიის და საზოგადოების ინტერესი არსებობს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. განსაკუთრებით მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი გახმაურებული, ნამდვილად პრობლემატური საქმე. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვები ამ თვალსაზრისით არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, იმის შესახებ თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირის გაუჩინარება და შემდეგ საზღვრის კვეთა. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.