18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
"სემეკი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე მსჯელობს 

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას "სემეკი" დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. განაცხადები ტარიფების მატების შესახებ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" შეიტანა.

"სემეკის" სხდომა უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. კომპანია „თელასის“ წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ გადაწყვეტილება სამომავლო მუშაობაზე დადებითად აისახება.

„ჩვენ ველოდებით, რომ მარეგულირებელი კომისია დღეს დაასრულებს განხილვას და  გამოაცხადებს ტარიფს. ველოდებით, რომ ტარიფი იქნება სამართლიანი და მოგვცემს საშუალებას, ვიფიქროთ კომპანიის მომავალ განვითარებაზე, წარმატებით გავიაროთ, როგორც მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის სეზონი, ასევე დანარჩენი ის პერიოდი, რაზეც იქნება ტარიფი გათვლილი,“ - განაცხადა ”თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილემ მიხეილ ნათაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ტარიფების დეპარტამენტი წარადგენს მონაცემებს, თუ რა უჯდებათ კომპანიებს ელექტროენერგიის შესყიდვა და ელექტროენერგიის განაწილება. "სემეკის" წევრი გოჩა შონია განმარტავს, რომ ამ ორი კომპონენტის განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფის მოცულობის განსაზღვრა.

„ჯერ წინასწარ ძნელია ამაზე საუბარი, ვნახოთ ტარიფების დეპარტამენტი რას წარმოადგენს, როგორი იქნება არგუმენტაცია, ასევე როგორი იქნება არგუმენტაცია კომპანიის წარმომადგენლების და მხოლოდ ამ ორი მოსაზრების შეჯერების შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს გოჩა შონია.

"სემეკში" იმყოფება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია. წულაია სამომხმარებლო ტარიფის მატებას ელოდება. ტარიფის მატების შემთხვევაში, პარტიის წევრები საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.

„მოლოდინი იმის, რომ ეს ხელისუფლება რამეს კარგს გააკეთებს, ნამდვილად არ გვაქვს. ესენი მხოლოდ კეთილების გინებით არიან ამ ბოლო დროს დაკავებულნი და მოლოდინი გვაქვს, რომ გააძვირებენ. თუკი გააძვირებენ, გამოვხატავთ პროტესტს და მოვუწოდებ ხალხს რომ, იყვნენ აქტიურები, თორემ სული ისე გაძვრებათ ესენი თვალებსაც არ დაახამხამებენ,“ - ამბობს წულაია.

დღის ამბები