ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრთან შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართა. მწერლები და გამომცემლები მიხეილ გიორგაძესთან გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, მინისტრთან ერთად, საკითხზე მონაწილეებისგან დაკომპლექტებული საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს.
„სანამ ეს პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, სწორედ ეს გვაძლევს უფლებას და საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფრანკფურტში ქართული ლიტერატურის დღეებიც იქნება წარმატებული,“ - აცხადებს პოეტი რატი ამაღლობელი.
მას შემდეგ, რაც მანანა ბერიკაშვილი პროექტს ჩამოაშორეს, სამზადისის მენეჯმენტი საკუთარ თავზე მიხეილ გიორგაძემ აიღო.
„დაისვა წერტილი მზაობასთან დაკავშირებით, გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ყველა მიმართულებით, ყველამ ძალიან დეტალურად ისაუბრა თითოეულ მიმართულებაზე. ძალიან ვაფასებ იმას, რომ წინადადება საჯაროობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებით მწერლებმა და გამომცემლებმა მიიღეს და ჩვენ შევთანხმდით, რომ პერიოდულად ჩვენ შევხვდებით იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესს მონიტორინგი გავუწიოთ,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. საქართველო ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით ჩაერთვება.