ხმაური იყო დღეს მცხეთის მერიაში. აქცია ყოფილმა თანამშრომლებმა გამართეს. ისინი ითხოვენ ოფიციალური გადაწყვეტილება ჩაბარდეთ, რის საფუძველზეც მათი გათავისუფლება მოხდა. მერიის ყოფილ თანამშრომლებს მცხეთის ახალი მერი შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
დაახლოებით თვენახევრის წინ მცხეთის მერიიდან 34 ადამიანი გათავისუფლდა. მათი განცხადებით, მათი სამსახურიდან გაშვება უკანონოდ მოხდა. მათივე თქმით, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სასამართლოში გეგმავენ.
მცხეთის მერიის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის წინასწარ სამსახურიდან დათხოვის შესახებ არავის შეუტყობინებია.
მცხეთის მერიაში იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილიც. ხაბეიშვილმა მცხეთის მერს გიორგი კაპანაძეს გათავისუფლების შესახებ აქტის წარდგენა მოსთხოვა, რაზეც მერმა განაცხადა, რომ აქტს გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალი წლის შემდეგ გადასცემს.
„ორ თვეზე მეტია ადამიანები სიტყვიერად არიან გათავისუფლებულები და მათ აქტი რომლითაც ისინი არიან გათავისუფლებულები არ ჩაბარებიათ, არც აბარებენ. მერია ამბობს, რომ ეს მას არ ეხება, მერი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ ჩააბარებს, ამბობს, რომ სასამართლოზე მიიტანს. წარმოუდგენელი ვარქხანალიაა, ფაქტობრივად ქაჯეთის ციხეა მცხეთის მუნიციპალიტეტში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
განმარტებები გააკეთა მცხეთის მერმაც. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღო. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახალი თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლებულების ადგილას დასაქმდნენ, მოვალეობას უკეთ შეასრულებენ.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა მის ადგილას თავს უკეთ გაართმევდა. ჩემი შეხედულებით, მე ამირჩია ხალხმა. მე მცხეთის მერად ხალხმა ამირჩია და არავის არ დავუნიშნივარ. მე რომ აქ მოვედი, მე უნდა გავაკეთო საქმე,“ - განაცხადა კაპანაძემ.