პანკისში განვითარებულ მოვლენებს და ხეობაში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ადგილობრივების ინფორმაციას, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მათ უჩვენა კადრები, სადაც სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების ჩატაევთან კავშირი დასტურდებოდა, დადებითად აფასებს უმრავლესობა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, ამბობს, რომ პოზიციური შემთხვევაა, როდესაც არსებულ კითხვებზე სახელმწიფო ცდილობს, გასცეს მოსახლეობას პასუხი.
კრიტიკულია ოპოზიცია და რუსეთთან ყველანაირი კავშირის უკან არსებულ საშიშროებაზე საუბრობს.
„რუსეთის ნებისმიერი ქმედება არის ძალიან სახიფათო, სანამ საქართველო არ გამხდარა ნატოსა და ევროკავშირის წევრი. კონტრდაზვერვა, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონია 5 წლის განმავლობაში, იგივე ჯაშუშების გამოვლენის თვალსაზრისით სუსტდება და სუსტდება და ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები და პასუხები ამაზე უნდა იყოს გაცემული.
„პასუხები ამაზე უნდა იყოს გაცემული, მართლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ინსტიტუტის პატივისცემა რომ შენარჩუნდეს და არ გაქრეს ნდობა, აუცილებელია, პასუხები იქნეს გაცემული,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.