აზერბაიჯანმა საქართველო, მიღებული გადაწყვეტილების გამო, მწვავედ გააკრიტიკა. საუბარია საქართველოს თანხმობაზე, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტული ტვირთების გატარებას ეხება. ეს ტვირთები კი შევა და გამოვა ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანის მინი-მეჯლისში გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებენ თბილისშიც.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კითხვები შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ირგვლივ არსებობს. სწორედ ეს კომპანია გაუწევს კონტროლს ტვირთების გადაადგილებას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.
„როგოც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს, გაასაჯაროვოს ეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არის კაპიტულანტური. ამიტომ ჩვენ შეხვედრაზევე მოვითხოვეთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. ესეთი მიდგომა აზარალებს არა მარტო აზერბაიჯანის ინტერესებს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს,“ -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება და რა მოლაპარაკებებზე წავიდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან.
საქართველოს და მისი პარტნიორების ინტერესების დაზარალებაზე საუბრობს ევროპული საქართველოც.
„სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ 5 წელი უქმად გაატარა და ახლა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულ ეჭვებს იწვევს, როგორც საქართველოს სახლმწიფოებრიობის მხრივ, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა აზერბაიჯანმა შეშფოთება გამოთქვა პარლამენტის წევრებისა და პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებების გამო. მათი მწვავე კრიტიკა გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ფორსმაჟორულ ვითარებაში მესამე ქვეყანა ტვირთებს გაატარებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთ დროს ტვირთები, ლარსის მაგივრად, როკის გვირაბიდან იმოძრავებს და მათ შორის გაივლის ოკუპირებულ ცხინვალსაც.
აზერბაიჯანი სომხეთის სატრანსპორტო კოლიდორის მოწყობასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს და საქართველოს იმ მხარდაჭერას ახსენებს, რომელსაც ქვეყანას ოფიციალური ბაქო უწევს.