მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს უკრაინის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. გენერალური პროკურატურის საჩივრის შესახებ, სასამართლოს 22 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, განხილვა საქმის მასალების არარსებობის გამო გადაიდო.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი 45 წუთში დაიწყება. სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და უკრაინელი პოლიციელები.
უკრაინაში დღეს ორი სხდომა გაიმართება. პირველ ჯერზე იმსჯელებენ, შეეფარდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს შინა პატიმრობა. მეორე სხდომა კი, უკრაინის დროით 3 საათზე დაიწყება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დაესწროს. ამ სხდომაზე საქმე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არის და სააკაშვილი მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, პროკურატურას არ წარუდგენია საკმარისი მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვართ თავდაჯერებულები, თუმცა, ვართ დარწმუნებული, რადგან უკრაინის უფლებადამცველების უმეტესობა, საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ გენერალური პროკურატურა პოლიტიკურ დევნას აწარმოებს,“ - განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.
პეჩორის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შინა პატიმრობას მოითხოვს.