კომპანია wizz Air-ის მგზავრები უკვე 20 საათია ლარნაკას აეროპორტში რჩებიან. საქართველოს 9 მოქალაქემ, ღამე აეროპორტში გაათენა და როდის შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას, ამ დრომდე არ იციან. მგზავრები ამბობენ, რომ მათ რეგისტრაცია უკვე გავლილი ქონდათ და ბორტზე ასვლას ელოდებოდნენ, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და wizz Air-ს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.
„იქმნება ჩვენი სამსახურების პრობლემა. იქმნება ჩვენი ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის პრობლემა, რომლესაც საერთოდ არ ვთვლი მიზანშეწონილად. იმის გამო, რომ აეროპორტმა თუ wizz Air-მა ვერ მოაგვარეს ერთმანეთში და ვერ დაამყარეს კომუნიკაცია, ზედმეტი ხარჯები უნდა გავიღოთ. საერთოდ არ გვქონდა დაგეგმილი აქ გაჩერება ზედმეტი სამი დღე და ასევე, ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, ეს არის საელჩოსთან კომუნიკაციის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა სოფო შონიამ.
მგზავრები ამბობენ, რომ მათი ახლობელი, რომელიც უკვე ბორტზე იმყოფებოდა, ეუბნებოდა ბორტგამცილებელს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ჯერ ისევ იმყოფებოდნენ მგზავრები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ მისვლას თვითმფრინავამდე. თუმცა, ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია.
ამასთან, მგზავრებს პრეტენზია აქვთ აეროპორტის პერსონალთან დაკავშირებითაც. ისინი ამბობენ, რომ პერსონალი ესაუბრებოდა აგრესიულად და მათ პოლიციაც კი გამოიძახეს.
მგზავრებს შორის არის ორსული გოგონა.
მგზავრები ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე უჩივლებენ, როგორც კომპანია wizz Air-ს ასევე ლარნაკას აეროპორტს, არასათანადო მოპყრობისთვის.