18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
"ეს არის ბავშვზე ძალადობა, ბავშვის გასართობ ობიექტად გამოყენება"-ვიდეო, რომელშიც 3 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა უფლებადამცველების დაინტერესების საგანი გახდა

სოციალური მომსახურების სააგენტო 3 წლის ბავშვის ოჯახის მოძიებას ცდილობს. საუბარია ბავშვზე, რომლის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელშიც მცირეწლოვანი მშობლების წაქეზებით სიგარეტს ეწევა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ვიდეოს გავრცელებისთანავე უწყება დაინტერესდა ამ ფაქტით თუმცა პირველწყარომ წაშალა ვიდეო, შესაბამისად ოჯახის მოძიება გართულდა.

„პირველწყარომ ეს მალევე წაშალა და შესაბამისად, ეს ცოტა ართულებს თვითონ ოჯახის მოძიების პროცესს. იმედი გვაქვს, რომ მალევე შევძლებთ რომ მივაგნოთ ოჯახს და სოციალური სამსახური ჩაერთვება. პროცედურულად იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც დაგვეხმარება თვითონ ოჯახის მოძიებაში და შემდეგ სოცმუშაკები მივლენ ოჯახში, შედგება კომუნიკაცია, შესწავლა მოხდება ოჯახის. გაეწევათ კონსულტაცია და უკვე ოჯახში ვიზიტის შემდეგ გვეცოდინება დაზუსტებით რა ტიპის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო,“-განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ.

უფლებადამცველებისთვის კი ეს ვიდეო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს. ამბობენ, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს ბავშვზე ძალადობა.  

„ეს არის ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, როგორი არის მისი ჯანსაღი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი, სათანადო და საჭირო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის უგულვებელყოფა. ასევე მშობლების და კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზრუნვის ვალდებულების უგულვებელყოფა. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის მისდამი არასათანადო მოპყრობა. მისი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევითი ფორმების თავს მოხვევა და ზოგადად ბავშვის გასართობ ობიექტად გამოყენება,“-განაცხადა სახალხო დამცველის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.

დღის ამბები