18 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - ეკა წამალაშვილი პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც დავით ოქიტაშვილმა "ენმ"-ის წევრს სიტყვიერი, ხოლო ხათუნა ხოფერიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ეკა წამალაშვილი პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას ითხოვს. მისი თქმით, საქმეზე დაწყებული ძიება უკვე დასრულებულია, ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უწყებას მისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. წამალაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა პროცესს განგებ აჭიანურებს.

„მე მითხრეს, რომ 28 დეკემბერს უკვე უნდა ყოფილიყო პროკურორის გადაწყვეტილება ჩემს დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, გუშინაც დავურეკე გამომძიებელს და მითხრა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. საქმე გვაქვს უკვე საქმის ხელოვნურად გაჭიანურებასთან, რადგან ყველა გონივრული ვადა ამოწურულია, არაფერი მანდ ისეთი გამოსაძიებელი არ იყო. მოწმეები დაკითხულები არიან,“ - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს დავით ოქიტაშვილის და ხათუნა ხოფერიას ადვოკატი. „კურიერთან“ საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ არც ხოფერია და არც ოქიტაშვილი ბრალს არ აღიარებენ.

„გამოძიების გასარკვევი თემაა, არ ვიცი რა გამოიძია, რა დაადგინა. მე დავესწარი ოქიტაშვილის და ხოფერიას გამოკითხვას. თვლიან, რომ არ არიან დამნაშავეები. ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო ესენი აცხადებენ. რა მუხლითაც ესენი ედავებიან, ეს დანაშაულის შემადგენლობაში არ არის,“ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

2017 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ეკა წამალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები