20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
არათანმიმდევრული განცხადებები - არჩილ თალაკვაძე "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

„თვეების წინ ამბობდნენ, რატომ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან, დღეს ბიუროზე თქვეს, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან. ეს არის არათანმიმდევრული განცხადებები და ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება დღეს ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადების საფუძველი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ გაზის შესყიდვა რუსეთისგან არ მოხდება, არის საგანგაშო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

„ეს არის ის პოლიტიკური ძალა რეალურად, რომელსაც ყოველ კვირა საკუთარი განცხადებები ეცვლება და ლაპარაკობს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც იმ მომენტში მას აწყობს,“ - აცხადებს თალაკვაძე.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს შეახსენეს, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების დროს, ისინი მოსახლეობას იაფ გაზს ჰპირდებოდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყანამ დაახლოებით 80 მილიონი ლარით იზარალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები