20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
რაულ ხაჯიმბას მტკიცებით, გიორგი ლუკავას შეწყალებით მას ე.წ. კონსტიტუცია არ დაურღვევია

რაულ ხაჯიმბა ირწმუნება, რომ გიორგი ლუკავას შეწყალებით მას ე.წ. კონსტიტუცია არ დაურღვევია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ამ თემაზე განცხადება ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

ხაჯიმბას მიაჩნია, რომ ლუკავას თემას ოპოზიციური ძალები პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით იყენებენ და აფრთხილებს მათ, რომ ამგვარი დაპირისპირება იმ პირობებში, როდესაც საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაუფორმებელია, ქვეყნისთვის სახიფათოა.

„ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა ლუკავას დაბრუნებას, ჩვენ კი დავაყენეთ იმ პირების გადმოცემის საკითხი, რომლებსაც ჩვენს სახელმწიფოში აქვთ ჩადენილი დანაშაულები და საქართველოს აფარებენ თავს. მათ შორის იყო ლაკაევიც, რომელსაც რუსი დიპლომატის, ვიშერნევის მკვლელობასთან აქვს კავშირი. გადაცვლის პროცესები მუდმივად მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისებს ჰქონდა ადგილი და პიროვნებას გადაცვლის გარეშე გადავცემდით. კეთილი ნების ჟესტის სახით ასეთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტები იღებდნენ. მოცემულ ვითარებაშიც, მე კონსტიტუციის 53-ე მუხლით ვიხელმძღვანელე. ამ ნაბიჯით არც კონსტიტუციის და არც კანონის დარღვევა არ მომხდარა. გაიცა შესაბამისი განკარგულება. ვფიქრობ, საპარლამენტო კომისია დაამუშავებს მასალებს და საკუთარ დასკვნას საზოგადოებას გააცნობს. დღევანდელი ვითარება პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაა. ასეთ დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს,“ -  განაცხადა ხაჯიმბამ. 

გიორგი ლუკავას გათავისუფლებას აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და მისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.

ხაჯიმბას გადაწყვეტილების კანონიერების შესასწავლად ე.წ. პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც საკუთარ დასკვნას საზოგადოებას დღეს გააცნობს.

დღის ამბები