„კითხვები ხელშეკრულებასთან კვლავაც რჩება, კვლავაც ბუნდოვანია და ის თუ რამდენად იზარალა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ ფინანსურად, ეს კვლავაც დასათვლელია,“ - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას.
ეკონომიკის სამინისტრომ ბუნებრივი აირის ბალანსი დაამტკიცა და ამ გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანა 2018 წელს ბუნებრივ აირს რუსეთისგან არ შეიძენს. „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა, რასაც ექსპერტებიც იზიარებენ.
„კარგია, რომ რუსეთისგან აღარ ვიყიდით და აზერბაიჯანია მთავარი მომწოდებელი. იმედია, რომ მომავალში ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის მხრიდან მოწოდება და საქართველოს მხრიდან გატარების უნარი გაიზრდება,“ - აცხადებს რუხაძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ რუსეთმა მოახერხა და საქართველოს ხელისუფლება დაითანხმა „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების შეცვლაზე, რომელიც წინა შემთხვევაში ქვეყნისთვის მოგებიანი იყო.
„რუსეთმა მოახერხა, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმა ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტულად, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, რომ გადახედილიყო ეს შეთანხმება, რადგანაც, პრინციპში, ის იყო უნიკალური შეთანხმება, ჩვენთვის ძალიან მომგებიანი და რუსეთმა ეს ვერ მოითმინა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.