ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ოპოზიციაში ასევე იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, საქართველოს ნებისმიერ პრეზიდენტს შეიძლება, დაემუქროს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო.
„პროკურორმა ნადარეიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შეწყალება არ არის პრეზიდენტის დისკრეცია. ახლა უკვე დღეიდან ეს გავრცელდება პრეზიდენტ მარგველაშვილზე და პროკურატურა და სასამართლო უკარნახებს პრეზიდენტებს, ვინ შეიწყალონ და ვინ არა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა და მთლიანად მოაბრუნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
„ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც ეყოლება საქართველოს, დგას იმის საფრთხის წინაშე, რომ ნებისმიერ დროს მისი კონსტიტუციური უფლებისა და მოვალეობის გამოყენების შემთხვევაში, ის დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ ის შეიძლება, იქნას დაკავებული ან ის წინაააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამ ფაქტმა კიდევე ერთხელ დაამტკიცა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ქართულმა ოცნებამ ეს პოლიტიკური დევნა გუშინ ოფიციალურად გააფორმა,“ - განაცადა ზალიკო უდუმაშვილმა.