მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი შობას, ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს. ის ქვეყნები კი, სადაც დღესასწაული 25 დეკემბერს იზეიმეს, დღეს ნათლისღებასა და ეპიფანიას ანუ მაცხოვრის განცხადებას აღნიშნავენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ბეთლემში ხმაურიანი შეძახილებითა და საპროტესტო პლაკატებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ავტომობილებს ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი იერიში მუშტებითა და ჯოხებით მიიტანეს.
პალესტინელები შიშობენ, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ იერუსალიმში, ასევე რამდენიმე საპორტო ქალაქში ეკლესიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების პოტენციური შემსყიდველები ებრაელი ინვესტორები არიან. ქუჩაში გამოსვლაც თეოფილე მესამის წინააღმდეგ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.
ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში კი მესა, ტრადიციულად, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ჩაატარა. პაპმა ფრანცისკემ მოგვების მიერ მაცხოვრის თაყვანისცემის მნიშვნელობაზეც იქადაგა და მორწმუნეებს მოუწოდა, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობითა და მცირე მიღწევებით არ დაკმაყოფილდნენ.
დღესასწაულების აღსანიშნავად საბერძნეთსა და თურქეთში ტრადიციული რიტუალებიც შესრულდა.
ტრადიციული ე.წ. სამი მეფის აღლუმით აღნიშნეს ეპიფანიის დღესასწაული ესპანეთში. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მადრიდის ქუჩებში ათასობით მოზეიმე გამოვიდა. თეატრალიზებული წარმოდგენის მონაწილეებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს.
დღესასწაულს ესპანელები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ პატარები საშობაო საჩუქრებს ხშირად 6 იანვარს ხსნიან. სწორედ ამ დღეს სრულდება დასავლეთის ქვეყნებში საშობაო სეზონიც.