18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
საშობაო ალილო საქართველოს რეგიონებში 

საშობაო ალილო გაიმართა საქართველოს რეგიონებში.

ოზურგეთში მსვლელობა შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლა. სპეციალურად ამ დღისთვის ადგილობრივებმა საშობაო ნობათი შეაგროვეს, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.

ტრადიციული ალილო გაიმართა ფოთშიც.

საშობაო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. მასში მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. შეგროვილი საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

ქრისტეშობის დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ ქუთაისში.

შობის მახარობლები სასულიერო პირებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან, ნობათს აგროვებენ და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავენ. მსვლელობა ქუთაისის მერიის შენობიდან ზუსტად 12 საათზე დაიწყო და საღამომდე ქალაქის თითქმის ყველა უბანს მოივლიან. შეგროვებული ნობათი მოხუცთა პანსიონატსა და მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

შობის მახარობლები დალოცა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.

გურჯაანში კი საშობაო ალილოს მსვლელობა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაინაცვლა.

სპეციალურად ამ დღისთვის ადგილობრივებმა საშობაო ნობათი შეაგროვეს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს გადაეცემათ.

დღის ამბები