საათზე მეტია, რაც შობის მახარობლებმა მსვლელობა დაიწყეს.
ტრადიციულ ალილოს გზად რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ხვდებიან. ისინი შობის მახარობლებს ტკბილეულს და საახალწლო ნობათს გადასცემენ. მოგვიანებით ალილოს მსვლელობის დროს შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ პირებს და შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული უკვე მიულოცა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„სრულიად საქართველოს მინდა, მივულოცო შობის დღესასწაული. მინდა, ასევე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, მათაც მივულოცო. ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის ზეიმი და სრულიად საქართველოს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - განაცხადა კახი კალაძემ.
ალილოს მონაწილეები უკვე შეჩერდნენ პარლამენტთან, სადაც მათ შობის დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიულოცა.
„მოგილოცავთ შობას, განსაკუთრებით ბავშვებს მივულოცავ. წელს განსაკუთრებულად ავღნიშნავთ შობას. შობასთან ერთად ავღნიშნავთ ჩვენი პატრიარქის იუბილეს, პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს და მინდა, რომ ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.