ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დღეს ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ერგნეთთან მოწყობილ საგუშაგომდე აღარ გაატარეს.
საგუშაგო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" ცოტა ხნის წინ საკუთარი ძალით მოაწყო და იქიდან რუსი ოკუპანტების გადაადგილებას აკვირდებოდა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, მათ ქართველი სამართალდამცავებისგან ვერ მიიღეს ახსნა-განმარტება, თუ რატომ აღარ უშვებენ საგუშაგომდე. მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ რუს ოკუპანტებს დამატებითი კომფორტი შეუქმნა, რადგან მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ოკუპანტების გადაადგილებას დააკვირდნენ.
„ჩვენ არ გვიშვებენ მინდვრებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ჩვეულებრივად მოძრაობენ ადილობრივი მაცხოვრებლები. ჩვენ შეგვიქმნეს გადაადგილების პრობლემა, არ ვიცი ჯერჯერობით, რა მოტივით. ერთ-ერთი მოტივი, რომელიც გაჟღერებული იყო, თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარეო, რამე არ დაგემართოთო. თუმცა, ჩემთვის ასეთი ტიპის პასუხი, ასეთი ახსნა-განმარტება არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.