ნარკომოხმარება და ამ პრობლემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ყურადღება თავის საშობაო ეპისტოლეში გაამახვილა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პატრიარქის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მესიჯია.
"ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო პატრიარქის მხრიდან ის, რომ ჩვენ ნარკოპოლიტიკა, რაც შეიძლება, უნდა დავაბალანსოთ, რათა გარკვეული რისკები მაქსიმალურად გამოვრიცხოთ მომავალ თაობებთან დაკავშირებით. ამასვე ვაკეთებთ. პატრიარქის ეს მოწოდება კიდევ უფრო მეტად შეგვძენს იმის უნარს, რომ დავაბალანსოთ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და მეორე მხრივ, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით გამკაცრება, თუნდაც, გასაღებასთან დაკავშირებით. ლიბერალიზმი კარგია მომხმარებლებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ სჭირდებათ დაჭერა და სახელმწიფოსგან თანადგომას საჭიროებენ და ეს ბალანსს უზრუნველყოფს საერთო ჯამში, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი მომავალი თაობა დაცული ამ მავნე სენისგან,” - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ.
იმაზე, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არაეფექტიანია და ძირითადად რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოიყენება, უკვე წლებია, საუბრობენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
„საქართველოში საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენა თანხმდება იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა, რომელიც არის რეპრესიული, უნდა გახდეს ადამიანზე მორგებული და უნდა გახდეს უფრო და უფრო ჰუმანური. არ შეიძლება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფონზე ვისაუბროთ ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის პირობებს. აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოება, ქართული ოცნების ხელისუფლების გარდა, ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, ის უნდა გახდეს უფრო ჰუმანური, ადამიანზე მორგებული და რაც მთავარია, უნდა იქნეს გათვალისწინებული ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კოტე იოსელიანმა.
პატრიარქის მხრიდან ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას მიესალმება ევროპული საქართველო.
„ძალიან კარგია, რომ ეკლესიამაც ფაქტობრივად თქვა, რომ ცვლილება ამ მიმართულებით საჭიროა. ამ ნარკოპოლიტიკის ცვლილების პროცესში ძალიან ბევრ ჯგუფთამ, მათ შორის ეკლესიასთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ვმსჯელობდით. აბსოლუტურად ყველა არგუმენტი იყო მოსმენილი და მე მგონი, დღეს ორი აზრი არ არის იმაში, რომ დღევანდელი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არათუ არ უწყობს ხელს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ პირიქით, უბიძგებს ადამიანებს და იზრდება ნარკომოხმარება,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები კი ამბობენ, რომ პატრიარქის მხრიდან ცოტა დაგვიანებულიც კი არის გამოხმაურება ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რადგან ამ მიმართულებით ბრძოლა უკვე ორი წელია, მიმდინარეობს.
დავით სუბელიანი ამბობს, რომ საინტერესოა, რა გამოხმაურება ექნებათ პატრიარქის ეპისტოლეზე პოლიტიკოსებს.
პატრიარქის ეპისტოლეში კი ნათქვამია, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებაში.
"ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები... მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას," - წერს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.