18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
შობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - ტრადიციები სოფლიდან სოფლამდე

შობის დღესასწაულს საქართველოს ყველა რეგიონში განსხვავებულად აღნიშნავენ. ტრადიციები ზოგჯერ სოფლიდან სოფლამდეც კი იცვლება. სამეგრელოში მახარობლები ოჯახებს სიმღერებით მოივლიან და ქრისტეს შობის დღესასწაულს აუწყებენ.

სამეგრელოში საშობაოდ უნაკლო სუფრა მთავარი გამოცდაა. ვიდრე სტუმრებს მიიღებენ, ოჯახი მათ დასახვედრად დიდი გულმოდგინებით ემზადება. დატვირთული სუფრა სიუხვის წყარო უნდა იყოს - ასე სჯერათ სამეგრელოში.

ზუგდიდის პარალელურად, სამზადისია ფოთშიც. ოჯახებში ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელებს აცხობენ. ტრადიცია რამდენიმე თაობისგან მოდის.

გურიაში შობისთვის ტრადიციულად ორი კვირით ადრე ემზადებოდნენ. 17 დეკემბერი, ანუ ბარბარობა ათვლის წერტილი იყო. ტრადიციებს ახლაც მიჰყვებიან. შობას ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა ზომის ღვეზელებს და ბავშვებისთვის მუცლის სალოცავებს აცხობენ. საშობაო ღვეზელები ცხვება ქუთაისშიც.

კახელები წინასაშობაოდ თონეს ახურებენ და ნაზუქებთან, პურთნ და ხაჭაპურთან ერთად, აუცილებლად აცხობენ ადამიანის ფორმის პურებს.

 

 

 

ავტორები: ემა გოგოხია, ლადო მენაბდე, სოფო ჭულუხაძე, ია გულიაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები