თიანეთის მერი დღეს საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. თამაზ მეჭიაურის თქმით, ის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგენს ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ ორჯერ უკვე ჩააგდო.
მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა მხარი არც ამჯერად დაუჭირონ. დღესვე თიანეთის მერი საკრებულოს წევრებს მომავალ სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
„ხალხის სახელით ვართ არჩეულები და ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ ხალხს გაუხარდებოდა, რომ გამეკეთებინა. ისინი ცდილობენ დაბლოკონ ეს ყველაფერი. ვიცი, რომ იქ რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც ხალხი სულ ჰკიდია ფეხებზე. ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ როგორმე პარალიზება გაუკეთონ ჩვენს საქმიანობას. თუ საქმეები შევა ჩიხში, რა თქმა უნდა, მე არანაირ დათმობას არ ვაპირებ,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დაუჭერს თუ არა თიანეთის საკრებულო მხარს მეჭიაურის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს თავმჯდომარე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს. მისი მტკიცებით, მერიას შესწორებული ვარიანტი მათთვის ჯერ არ გადაუგზავნია.
„2018 წლის ბიუჯეტი დავუბრუნეთ კონკრეტული შენიშვნებით და ჯერჯერობით კორექტირებული ვარიანტი არ შემოსულა. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ჯერ ვადა აქვს ამას პირველი სამი თვე. არ მოხდება დამტკიცება - ასე ერთ მნიშვნელოვნად არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ორჯერ დავაბრუნეთ, კონკრეტულ შენიშვნებამდე მივედით და ახლა ველოდებით კორექტირებულ ვარიანტს,“ - აცხადებს თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური.