იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დღეს ოფიციალურად დაასახელა, რომელიც სწორედ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის.
საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს საქმიანობაში სრულფასოვნად არ იყო ჩართული. არამოსამართლე წევრს საბჭოს წევრები ცილისმწამებლური და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის გარკვეული ძალების მიერ იყო მართული.
საბჭოს წევრების კრიტიკას ვახტანგ მჭედლიშვილი პასუხობს და აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრი ზოგიერთი მოსამართლის 9 წლიანი საქმიანობა არ იყო პოზიტიური. ამას კი, ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მათ მიმართ გამოთქმული შეფასებებიც ადასტურებს.
დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს ურჩევს, რომ საბჭოს საქმიანობაში პოლიტიკური ელფერის შეტანას ერიდოს.
„ძირითადში, იგი მოქმედებს და მოღვაწეობს, როგორც პოლიტიკოსი. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ როდესაც მობრძანდება ახალი წევრი, ვინც არ უნდა იყოს, გარკვეული მოკლე პერიოდის ადაპტაციის შემდგომ, კოლეგიური ორგანოა საბჭო და იმედი გვაქვს, რომ იგი პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს საბჭოს საქმიანობას,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.