პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან.
„თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა მზადყოფნა იმისთვის, რომ მოახდინოს ჩვენი პაციენტის ტრანსპორტირება და გაგრძელდეს იქ ამ პაციენტის მკურნალობა. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან... თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, უახლოეს პერიოდში მიიღოს პაციენტი,“ - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.
ამ დრომდე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკას ჰქონდა გამოგზავნილი.
ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს ასევე 4 პირია დაკავებული.