20 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ, ეს კონტროლს ექვემდებარება - თეა წულუკიანი 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის გამოტანილი განაჩენს ეხმაურება. თეა წულუკიანი ოპონენტებს კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. წულუკიანი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მიუკერძოებელი და ის სრულად ეხმიანება გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, აბსოლუტური და რომ ის არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ კონტროლს საზოგადოების ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე პირადად ვერ ვიზიარებ, რადგანაც სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე  შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა რამდენიმე წლის წინ ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო და მან თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო მისთვის საოცარი, თუ გნებავთ შოკის მომგვრელი, როგორც ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რადგან, როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო,“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანის განმარტებით, შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მას აქვს ეს უფლება და არა იმას, რომ მისი გადაწყვეტილება, შეიწყალოს მსჯავრდებული, კონტროლს არ ექვემდებარება.

„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები