გქონდეს უფლება შეიწყალო პატიმრები მხოლოდ შენ და არავინ სხვამ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების თვითნებურად, პირადი ინტერესით და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ გამოყენების უფლება გაქვს - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
თეა წულუკიანმა ე.წ. შეწყალების საქმეზე მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გემოვნების მიხედვით გამოყენება ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი.
„როდესაც საქართველოს რომელიმე პრეზიდენტი განაცხადებს იმას, რომ დამაცადეთ ჩემი გემოვნებისდამიხედვით გამოვიყენო შეწყალების უფლებაო, ეს ჩემს თვალში უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება ითხოვდეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი არ იყოს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ანუ უფლება რომ გქონდეს შეიწყალო პატიმრები მხოლოდ შენ და არავინ სხვამ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების თვითნებურად, პირადი ინტერესით და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ გამოყენების უფლება გაქვს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.
წულუკიანი პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მსგავსი განაჩენი არ ემუქრება, რადგან იგივე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მარგველაშვილის მიმართ არ აქვს.
„თავად პრეზიდენტ მარგველაშვილს რაც შეეხება, მე არ მგონია რომ მასზე მსუსხავი ეფექტის მქონე იქნება ეს განაჩენი, რადგან მასთან მიმართებაში არ დამდგარა არასდროს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც იტყოდა, რომ მას არ უნდა გამოეყენებინა მკვლელობის საქმეზე ეს უფლება,“ - განაცხადა წულუკიანმა.