„ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ,“ - ეს განცხადება მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.
ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, როდესაც გერმანულმა კლინიკამ ადგილის არ ქონის გამო არ მიიღო თემირლან მაჩალიკაშვილი. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცირა ჯავახიშვილის თქმით, გერმანულმა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მომდევნო მკურნალობის ღირებულების შესახებ დოკუმენტაცია გამოუგზავნა, რაც უწყებამ არ გაასაჯაროვა.
მაჩალიკაშვილების ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ რომელ ევროპულ კლინიკებთან ჰქონდა კომუნიკაცია. ინტერესების დამცველი ეჭვობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციის ნაწილს მალავს.
„ჩვენ მოვთხოვეთ კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. აქედან, რომელმა საავადმყოფოებმა განაცხადეს თანხმობა ან უარი, ნებისმიერი პასუხი, რაც მათგან იქნა მიღებული, ყველა დოკუმენტაციის მიღება გვსურს ჩვენ,“ - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
ადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ ვაგზლის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად გადაადგილებაა დაფიქსირებული, პასუხგაუცემელია. ადვოკატის თქმით, ამ კადრებით მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირი არ დასტურდება.
„აქედან ვაცხადებ მე, გრიფით საიდუმლო კი არა, ცხრაკლიტულში რომ ჩაკეტონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, მაინც ვიტყვი იმას, რატომ გამოამზეურა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ამ უწყებამ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
თურქეთის ორმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა გამოთქვა. ერთ კლინიკასთან მოლაპარაკებას ოჯახი, ხოლო მეორესთან ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა. ოჯახის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობის კურსს.
19 წლის ახალგაზრდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.