ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა პოლიკლინიკაში ხმაური იყო, სადაც სამსახურიდან დათხოვნილი 12 თანამშრომელი დაწესებულების დირექტორს სამუშაო კაბინეტში შეუვარდა და ახსნა განმარტებები მოითხოვა. მათ შრომითი ხელშეკრულებები 10 იანვარს უმთავრდებოდათ, თუმცა 4 იანვარს უთხრეს, რომ ისინი სამსახურიდან გაშვებულები იყვნენ.
სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მათი სამსახურიდან გაშვება მენეჯმენტს სასურველი, პოლიტიკურად ლოიალური კადრების მისაღებად დასჭირდა.
„დეკემბრის ბოლო ორი კვირა ამბობდნენ, რომ გავუშვებთ ხალხსო. ვერ გავიგეთ, რატომ. გავიგეთ, რომ 85 ათასი ლარით ვართ დაჯარიმებული მთელი პოლიკლინიკა და მე, როგორც უფროსი რეგისტრატორი და ჩემს გვერდით მოლარე, გაგვათავისუფლეს 4 რიცხვში და მიაყოლეს შემდეგ 11 ადამიანი,“ - ამბობს ექიმი მანანა ჟვანია.
სამედიცინო დაწესებულებაში დღეს ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციაც იყო მისული.
„სამეგრელოში და ზუგდიდში, ყველა სფეროს მართავს ერთი კლანი, ეს არის მაფიოზი გუბერნატორი შონია და ე.წ. ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია, რომლებიც ყველა სფეროდან ადამიანს ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ისინი არ არიან მათი მხარდამჭერები, მათი კლანის წარმომადგენლები,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.