ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. თუმცა, ღოღობერიძე დღეს პროცესს არ ესწრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე მეტია განიხილავს. გამოძიება ორივე ბრალდებულს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება.
პროცესს ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„პროკურატურის ბრალი არის სრულიად აბსურდული. არ არსებობს არამც თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ცალკე აღებული ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ჩხვირკიას ბრალეულობას. ამიტომ, მოლოდინი მაქვს ისეთი, რომ სასამართლო არ აჰყვება ხელისუფლების სურვილს, რომ გააჩეროს მოქალაქეთა საპროტესტო ხმა. ჩხვირკიას მთელი დანაშაული არის ის, რომ მან მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს, სხვა არანაირი ბრალეულობა მის საქციელში არ ყოფილა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.