18 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ნარკოპოლიტიკა და შსს-ოს განცხადება - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან განცხადებებს სასაცილოს უწოდებს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით უწყების შეფასებაზე, სადაც ილია მეორე სწორედ ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე ამახვილებს ყურადღებას.

უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის ამოსავალი პრინციპი სწორედ ჰუმანურობა იქნება, ოღონდ ისე რომ არ მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების წახალისება.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დღეს მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში რეპრესირებული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს და ეს უნდა შეიცვალოს, თუმცა მისივე თქმით ამისი პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ პირადი მიზნებიდან გამომდინარე არ აქვს.

„დღეს ჩვენს სახელმწიფოში ძალიან ცუდი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველას ინტერესში, გარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდება "ქართული ოცნება" დაკარგავს იმ მექანიზმს ის ცდილობს ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების ან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების კონტროლს. ჩადების პრაქტიკა ვიცით რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩვეულებრივი ამბავი არის,“-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე იოსელიანმა.  

არსებულ ნარკოპოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების მომხრეა „ევროპული საქართველო.“ პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცვლილებებზე მუდმივად საუბრობს, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს.

„ამ ნარკოპოლიტიკას არ მოაქვს ის შედეგი, რაც წესით უნდა მოჰქონდეს ქვეყანაში არსებულ რაიმე ტიპის სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩადებების თუ ხშირად შანტაჟის გზით ამ კანონმდებლობა იყენებს თავად მოქალაქეების წინააღმდეგ. სასაცილოც კი არის, რომ ხელისუფლების მხრიდან გვესმის მუდმივად კომენტარები იმის შესახებ, რომ ცვლილებებია საჭირო. არა და ისინი უკვე მერამდენე წელია ხელისუფლებაში არიან და არაფერი ქმედითი ამ მიმართულებით არ გადაუდგამთ,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

პატრიარქის მხრიდან ნარკოპოლიტიკაზე ყურადღების გამახვილებას მიესალმება „ახალი პოლიტიკური მოძრაობა-გირჩის“ თავმჯდომარე. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოწოდება ილია მეორისგან იყო ლიბერალიზაცია და კარგია, რომ შსს-ოს პირველად არ აქვს აღნიშნულთან მიმართებაში რადიკალური პოზიცია.

„კარგია რომ შსს-ოს პირველად ალბათ გახარიას მინისტრობის დროს განსხვავებით ყველა სხვა მინისტრისგან, არ აქვს რაღაც კატეგორიული პოზიცია,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები