20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დაპირისპირება თიანეთში და ორჯერ ჩაგდებული ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდეს

თიანეთის მუნიციპალიტეტში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ამის მიზეზი თამაზ მეჭიაურისა და ზაქარია ქუცნაშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირებაა. თამაზ მეჭიაურის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საკრებულომ, რომელსაც ქუცნაშვილი აკონტროლებს, უკვე ორჯერ ჩააგდო. "ქართულმა ოცნებამ" მხარი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არც მეჭიაურის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს დაუჭირა.

თიანეთის საკრებულოს შენობაში დღეს ერთობლივად 2 ხმაურიანი სხდომა მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარე თავის კაბინეტში საკრებულოს სხდომას ატარებდა, დიდ დარბაზში კი მერი თამაზ მეჭიაური, რომელმაც "ოცნების" კანდიდატს არჩევნების ერთი ხმით მოუგო, საკუთარ მომხრეებს ხვდებოდა. მეჭიაურის მხარდამჭერებმა მოგვიანებით საკრებულოს სხდომაზე დასწრება და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მოინდომეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა თიანეთის ბიუჯეტის ძველ ვერსიაზე მსჯელობდა, რომელიც სახელფასო სარგოს 80 000 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა. ეს იმ დროს, როცა მერმა, თამაზ მეჭიაურმა საკრებულოს უკვე გადაუგზავნა ახალი დოკუმენტი, რომელიც პირიქით, ხარჯების შემცირებას გულისხმობდა.

დაამტკიცებს თუ არა ბიუჯეტის ახალ პროექტს თიანეთის საკრებულო, ჯერჯერობით უცნობია. თუკი "ოცნება" მთავარ საფინანსო კანონს მესამედაც ჩააგდებს, მაშინ ხელახალი არჩევნები თიანეთში გარდაუვალი იქნება და თამაზ მეჭიაურს კვლავ წინასაარჩევნო კამპანიაში მოუწევს ჩართვა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები