20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის რეფორმა - ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გაჭიანურებაში ბრალს სდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოპოლიტიკის რეფორმის სამოქმედო გეგმებზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც რეფორმა გამოიწვევს. უწყება არსებულ ნარკოპოლიტიკას პრობლემურად თვლის და აღიარებს, რომ რეფორმის დროულად ჩატარების გარეშე, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

შინაგან საქმეთა სამინსიტროსგან რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დროულად შეცვლას ითხოვს ოპოზიცია. ძალოვანი უწყების განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები რეფორმის გაჭიანურებაში ბრალს სწორედ შინაგან საქმეთა სამინსიტროს სდებენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდის ხელში მოქმედი ნარკოპოლიტიკა მოქალაქეებზე ზემოქმედების ბერკეტია და ძალოვანი სტრუქტურები რეპრესიულ სისტემაზე უარს არ იტყვიან.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებიც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებენ. სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ ძალოვან უწყებას ამ დრომდე არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზე მსჯელობაც პარლამეტში უკვე მიმდინარეობს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. "ქართლი ოცნების" დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის რეფორმირებისთვის მზად არის.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კანონპროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, პირველი მოსმენით მას მხარი ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე დაუჭირა. იურიდიულ კომიტეტში მსჯელობის შემდეგ კი კანონპროექტი პირველი მოსმენით დასამტკიცებლად საგაზაფხულო სესიაზე გავა.

დღის ამბები