აფხაზეთიდან გათავისუფლებული ქართველი პატიმარი გიორგი ლუკავა მოსალოდნელ შურისძიებაზე და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. დრანდის ციხიდან გათავისუფლებული ლუკავა ეჭვობს, რომ მასზე რუსულ-აფხაზური სპეცსამსახურები ნადირობენ. საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი, რომელსაც აფხაზეთის ოკუპირებულმა რეჟიმმა 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნას არ აპირებს. ლუკავა დარწმუნებულია რომ მას არ დაიცავენ.
გიორგი ლუკავას შეწყალების გამო, პრეზიდენტის გადადგომას ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ ითხოვენ. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები, მათ შორის პოლიტიკოსები ითხოვენ პასუხს - რის სანაცვლოდ გადაეცა თბილისს სოხუმის მიერ 20 წლით გასამართლებული ლუკავა. პასუხი რომ ვერ მიიღეს, მოსახლეობამ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადაყენება მოითხოვა.
სამდღიანი აქცია 6 იანვარს მას შემდეგ დაიშალა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხალხს შეჰპირდა, რომ ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას პასუხის გაცემა სახალხო კრებისთვის მოუწევდა. თავად ხაჯიმბა კი ისევ ამტკიცებს, რომ ლუკავას გათავისუფლების სრული უფლება ჰქონდა.