18 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
შობის ღამეს მიტოვებული და ნაპოვნი ჩვილი - სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შემდეგ, მისი გაშვილება მოხდება

შობის ღამეს მიტოვებული და ნაპოვნი ჩვილი - ბავშვი, რომელიც სახლის კართან უშიკიშვილებმა იპოვეს, ახლა საავადმყოფოშია და თავს კარგად გრძნობს. კლინიკაში გადაყვანისთანავე ექიმებმა ბიჭი შეამოწმეს. ჩვილის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და დამატებით სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.

ბავშვი კლინიკას უკვე ხვალ დატოვებს. ამის შემდეგ მის მოვლაზე უკვე სხვა ოჯახი იზრუნებს. კანონის თანახმად, მიტოვებულ ახალშობილზე ზრუნვას სახელმწიფო იღებს და ის გადაუდებელი მინდობითი აღზრდით მიმღებ ოჯახს უნდა გადაეცეს.

მას შემდეგ, რაც ბავშვს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭება, უკვე მისი გაშვილება მოხდება. სოციალურმა მუშაკებმა უნდა დაადგინონ რა ვითარებაში და ვის მიერ მოხდა ახალშობილის მიტოვება. საქმის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ კი თუ ბავშვის ბიოლოგიური მშობლების ვინაობა არ დადგინდა, ის მიტოვებულად ჩაითვლება და მას ის ოჯახი იშვილებს, რომელსაც რიგით მოუწევს ბავშვის აყვანა.

ბავშვის მიტოვების გამო უკვე დაწყებულია გამოძიება 127-ე მუხლით, რომელიც ჩვილის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. სასჯელი ამ ბრალდებისთვის ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე. 

დღის ამბები