20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
გიორგი ლუკავას მიმართ შესაძლო შურისძიება - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

აფხაზეთიდან გათავისუფლებული ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას  მიმართ შესაძლო შურისძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად შექმნილ ვითარებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, საფრთხე რეალურია და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ლუკავას დასაცავად.

„გიორგი ლუკავა თავისი საქმიანობიდან და წარსულიდან გამომდინარე არის ადამიანი, რომლის უსაფრთხოების ხელყოფაშიც დაინტერესებულია რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმისა, რომ გიორგი ლუკავას ნაირი ადამიანების უსაფრთხოების გარანტიები აიღოს თავის თავზე. როგორც თავად ლუკავასი, ასევე მისი ოჯახის წევრების," - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა კოტე იოსელიანმა.

სამართალდამცავ ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს „ევროპული საქართველო“.

„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. უნდა მოხდეს დადგენა, რამდენად აქვს საფუძველი მის განცხადებას და თუკი საფუძვლიანია ეს განცხადება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონკრეტულად ამ მოქალაქის, ბატონი ლუკავას უსაფრთხოება,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

„ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ გიორგი ლუკავამ დაცვის გამოყოფის მოთხოვნით ოფიციალურ უწყებებს უნდა მიმართოს.

„რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისი მოქალაქეები იქნეს დაცული, მაგრამ მეორეს მხრივ მხოლოდ ვარაუდებზე გამოთქმული საფრთხეების წინაშე ბრძოლა ცოტა ძნელია. ამიტომაც, თუკი შესაბამისი კომუნიკაცია მოხდება სამართალდამცავ ორგანოებთან, მეტად იქნება ნებისმიერი ადამიანი დაცული, ვის მიმართაც რაიმე სახის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

გიორგი ლუკავას მტკიცებით, მისი ლიკვიდაციით არა ერთი მხარეა დაინტერესებული და დარწმუნებულია, რომ ციხიდან გათავისუფლების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პროტესტი შურისძიებას მხოლოდ დააჩქარებს.

დღის ამბები