გორში გამართულ აქციას განცხადებით ეხმაურება "სემეკი". ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
პროცესის დასრულების შემდეგ კი, დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.
გორის მოსახლეობის ნაწილმა გუშინ გაზის გაზრდილი გადასახადი კიდევ ერთხელ გააპროტესტა. მათი მტკიცებით, თანხა, რომელიც გასული თვის გაზის ქვითარში ფიქსირდება, ხელოვნურადაა გაზრდილი.
„რაიმე სახის გადაცდენა მაინც თუ არის კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ, თუ არის რომელიმე წესი დარღვეული, ეს აღქმული იქნება როგორც პირობების დარღვევა და შესაბამისი კანონი ითვალისწინებს უკვე საჯარო სანქციებს, კერძოდ 5 ათასი ლარის ჯარიმის ოდენობით,“ - განაცხადა "სემეკის" წევრმა გიორგი ფანგანმა.