18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ. ოჯახმა უკვე თავად შეარჩია კლინიკა, სადაც დაჭრილის გადაყვანა სურს. 19 წლის ახალგაზრდის ტრასნპორტირებასთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან. თავად დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

„პირადად დაველაპარაკეთ ბერლინს. ხომ დაინახეთ მოგვივიდა ინვოისი, ვიღებთ პაციენტს ოღონდ თქვენ გადაიხადეთ. გავუგზავნეთ სამინისტროს, სამინისტრომ როგორც კი ეს გაიგო 9-ის 14 წუთს მომწერეს მეილზე, უარს ვაცხადებთო ადგილების უქონლობის გამო. ეს ხომ აბსურდია. ეს ამათ ათქმევინეს, მთავრობამ კლინიკას ათქმევინა უარი.

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად, რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს დაჭრილის მამა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პირები, რომლებსაც დღეს ტერორიზმთან კავშირი ედებათ ბრალად, ქვეყანაში თავად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შემოიყვანეს.

„საქართველო მექსიკის სტატუსით ხომ არ არის ყველა ცირკულარით ძებნილი, რომ საქართველოში აღმოჩნდა. ესენი არ ჩამოსულან, ესენი ჩამოიყვანეს. ჩვენ იქით უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია იმიტომ, რომ საიდან მოხვდნენ. რატომ აგდებენ საქართველოს საფრთხეში, ხომ შემოიყვანეს,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშილის მამამ.

რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიღებულია თანხმობა ორი თურქული კლინიკის მხრიდან, გადაწყვეტილება კი, რომელ კლინიკაში განაგრძობს სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას, ოჯახმა უნდა მიიღოს.

ლურასმანაშვილის თქმითვე, გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი ორჯერ განაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები