ერთი თვის წინ სოფელ ბობოყვათიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგი დოლიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს ქობულეთის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებით უკმაყოფილო არიან და მოითხოვენ, აღნიშნული საქმე გენერალურმა პროკურორმა და შსს-ს მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანონ.
არასრულწლოვანი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, მათ არც კონკრეტული ვერსიები გააჩნიათ. დაკარგული არასრულწლოვანის ოჯახის წევრები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
„ვითხოვთ, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა. თუ არ იქნა ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული, შემდეგ მოვაწყობთ უფრო მასშტაბურ აქციას,“ - ამბობს დაკარგულის და თეონა დოლიძე.
კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
„მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები მეც და ხელისუფლების წევრებიც საგამოძიებო ორგანოებთან. საგამოძიებო ორგანოები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქტიურად აგრძელებენ საგამოძიებო საქმიანობას, მიმდინარეობს ძიება,“ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.