ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება. პროცესი „ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამზადებულია 5 ხე, რომლებიც უახლოეს დღეებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასარგავად უნდა გადაიტანონ.
„ბიძინა ივანიშვილის ხეები რომ ტრანსპორტირდეს, ამის გამო აბსოლუტურად ჯანსაღ, ასწლოვან ევკალიპტებს ჭრიან. თითქოს და იმ მოტივით, რომ ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობა საერთოდ არ ცხოვრობს, ეს არის მოგონილი სიყალბე ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ისინი ცდილობენ, შეუქმნან კომფორტი ტრანსპორტირებისას ბიძინა ივანიშვილის ხეებს,“ - განაცხადა ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ბონდო თედორაძემ.
ხეებს ქობულეთის გამწვანების სამსახური ჭრის, მათი თქმით პროცესზე მათ ნებართვა ქობულეთის მერიისგან მიიღეს.
„აღნიშნული ხეები უშლის როგორც ადამიანების გადაადგილებას, ისე ტრანსპორტის გადაადგილებას. მე არ ვიცი, სად ვის რა გადააქვს, მე მაქვს დავალებული განცხადებით, რომ გადავჭრა ეს ხეები,“ - განაცხადა ზვიად რომანაძემ.