„არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ აქ რაიმე ფორმით სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა შედგება,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე პრეზიდენტის ახალ საპარლამენტო მდივანსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის სამომავლო ურთიერთობას.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი მხარის სურვილზე არ არის დამოკიდებული ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მოწესრიგება.
ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ გახმოვანებულ ინიციატივას არ იზიარებდნენ და ვარაუდობს, რომ ეს პრაქტიკა არც მომავალში შეიცვლება.
„იმ ვითარებაში, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვუყურებთ, რა დამოკიდებულებას იჩენს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივას აჟღერებს, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ აქ ან რაიმე ფორმით სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა შედგება,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილის დანიშვნას მიესალმება.
„ვფიქრობ, რომ ანაც გააგრძელებს ამ ტრადიციას და ის იქნება პრინციპული იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს საზოგადოებას... ამ შემთხვევაშიც უნდა გაგრძელდეს იგივე მიდგომები და ხელისუფლების ასარჩევი არის, რამდენად ნორმალურ სახეს მიიღებს ეს ურთიერთობა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის შემცვლელად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. ანა დოლიძე კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად გააგრძელებს მუშაობას.