პანკისში სპეცოპერაციის დროს გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ იდოიძის ადვოკატმა განაცხადა. დავით მოდებაძემ ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება კითხვას, ადასტურებს თუ არა რაიმე კავშირს ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილსა და ახმედ ჩატაევთან, უფლებადამცველი ამბობს, რომ მასსა და იდოიძეს შორის შემდგარი საუბარი კონფიდენციალურია და ის აღნიშნულ საკითხზე ვერ ისაუბრებს.
„ამ ეტაპისთვის ის იყენებს დუმილის უფლებას, არ სურს რაიმე განცხადების გაკეთება მედიის წინაშე საჯაროდ და ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას, ბრალის წაყენებას და ამის შემდეგ ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამ თემაზე ვერ გესაუბრებით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. იყენებს ის დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპისთვის ვერაფერ ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, იდოიძე ღამის 12 საათზე მიიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მისი თქმით, ის დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენას გვიანობამდე ცდილობდა.
ზურაბ იდოიძე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გუშინ დააკავეს. დაკავებულს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია