პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა. მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, სიტუაციას ხელოვნურად ნუ დაძაბავენ.
„რაც დავინახე შესაბამისი სამსახურების საქმიანობასა და განწყობებში, ისინი არიან მაქსიმალურად მონდომებულები იმგვარად, რომ გამოძიებამ არ იზარალოს, მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება გამოძიების საკითხებზე და ზოგადად ამ საქმესთან მიმართებაში. ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვადგენთ ფეთქებად საშიშ ვითარებას. ასეთი დამოკიდებულება და განწყობა შეიძლება უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ამის ხელოვნურად დაძაბულობის შექმნას და ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავენ მიზნად, ეს არასწორია და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.