20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
თბილისის მერმა გამგებლებს, ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მოკლე დროში შესწავლა დაავალა 

უამინდობა საქართველოში - თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იყო საუბრის მთავარი თემა. კახა კალაძემ გამგეობებს განსაკუთრებულ რეჯიმში მუშაობისკენ მოუწოდა.

„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული თუ რა მდგომარეობაა და მე ვიცი, რომ არის სახურავები ბევრ რაიონში საცხოვრებელ სახლებზე გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება, რაც არის და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. რაც გასაკეთებელია, უმოკლეს დროში იქნეს კონკრეტული გეგმები შემუშავებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემაც. ილია ელოშვილის თქმით, მობილიზებული იყო გამგეობები. ელოშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერის მოადგილე ამბობს, რომ მოსახლეობას ზარალი ოპერატიულ რეჟიმში აუნაზღაურდებათ.

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა - დაზიანებულია ქუჩაში მდგარი მანქანები. მოგლეჯილი ხეების ნაწილი, მათ შორის ჟვანიას მოედანსა და გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.
 
უამინდობა გახდა საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გადადების მიზეზიც. თბილისიდან მიუნხენისა და თურქეთის მიმართულებით ვერ შესრულდა ორი რეისი. ფრენები გადაიდო თბილისის მიმართულებითაც.
 
ქარის გამო ელექტროენერგია შეეზღუდა ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანს.

 

დღის ამბები