პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. დილიდან ოჯახი ხეობაში სამძიმარს იღებს. პანკისში იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ, ვინც სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდას ესროლა. მაჩალიკაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.
„აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს და უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.
„სამართალს ვითხოვთ. ჩვენ აქ ტერორისტებს არ ვზრდით, ჩვენ ყველანი დედები ვართ, ჩვენ ვაჟკაცებს ვზრდით, რომლებიც ერთ მუშტად არიან შეკრულები, არ შევარჩენთ,“ - აცხადებენ სოფელ დუისში.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩაკლიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.