18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
​თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. მაჩალიკაშვილების ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მოხდა მხოლოდ ანაბეჭდების აღება, რათა დადგინდეს ხელყუმბარაზე არსებულ ანაბეჭდთან იდენტობა.

მისივე თქმით, ჯერ არ დაწყებულა გვამის გაკვეთის პროცესი. ადვოკატის ინფორმაციით, თავდაპირველად ოჯახი გარდაცვლილის გაკვეთაზე უარს აცხადებდა. ექსპერტიზას დაესწრება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს ტყვიის ტრაექტორია და გაირკვეს, რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი ან ხომ არ არის განხორციელებული ორმაგი სროლა.

„ჩემი ინფორმაციით, გაკვეთის პროცესი არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ვინაიდან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელყუმბარაზე რომ დადგინდეს მიდი იდენტობა და სხვა პროცედურებს დასჭირდება მინიმუმ სამი საათი, როგორც გვითხრეს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუარესდა, დილის 8 საათისთვის კი ახალგაზრდას გული გაუჩერდა.  

„მოგვიანებით უკვე გამთენიისას დაფიქსირდა გულის გაჩერება, ეს იყო სამი ეპიზოდი. სამჯერვე სარეანიმაციო ღონისძიებებით მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ უკვე, მიუხედავად აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დილით, დაახლოებით 8 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

დღის ამბები