იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება იმ ბრძანებულებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა 26 დეკემბერს გამოსცა. საუბარია მოქალაქეობის საკითხთა კომისიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა.
მანამდე, ამ კომისიას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თავმჯდომარეობდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კომისია მასთან გადაიტანა, 565 პირს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა. თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი არ გააგრძელებს ნეგატიურ პოლიტიკას.
„პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ეს ცვლილებები თავისივე ბრძანებულებაში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე ბრძანებულების სხვა ნორმებს. რაც ყველაზე დასანანი მგონია, არ უნდა იყოს ბოლომდე შესაბამისი საქართველოს ორგანული კანონის სხვადასხვა ნორმასთან, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობრივ საკითხებზე განცხადებებს იხილავს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო. ამას ამბობს კანონი. თუმცა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროს სააგენტო კანონის განაწესის მიუხედავად, განცხადებების განხილვას ვეღარ შეძლებს. სამწუხაროდ, შარშან 565 პირს, რომელთაგან 89 % იყო საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან საქართველოში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უთხრა უარი. მე მინდა მჯეროდეს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.